სიახლეები

ამირან მუჯირი – ფეხბურთით მოწამლული

amiran mujiri 0003322ამირან მუჯირი – ფეხბურთით მოწამლული

“დღეს რომ მონდომებული ვარ და ბავშვივით მიხარია თამაში, ნეტავ ადრეც ასე ვყოფილიყავი” - ეს სიტყვები განსაკუთრებით გვენიშნა ამირან მუჯირის ინტერვიუდან.
წლები გადის, მუჯირი 40 წლისა გახდა, მაგრამ მინდორზეა, ცაცია არ გამრუდებია, თამაშს ალაგებს, ახალგაზრდებს შენიშვნებს აძლევს. როგორ უნდა გიყვარდეს ფეხბურთი, რომ 40 წლის ასაკშიც კი თქვა ეს სიტყვები.


ის არასოდეს ყოფილა ექსცენტრული ფეხბურთელი, არასოდეს გახვეულა სკანდალებში, არც გაუპიარებია ვინმეს. მთელ ცხოვრებას ოჯახსა და ფეხბურთს უძღვნის, ამიტომაც გაუშვა ჯანმრთელობამ და ასეთ ასაკში ათქმევინა სიტყვები, რომელიც თავში მოვიყვანეთ.
მუჯირი 1992 წლიდან თამაშობს უმაღლეს ლიგაში, ბათუმელმა ბიჭმა ბათუმში დაიწყო კარიერა, გამოიცვალა რამდენიმე უცხოური გუნდი და ბოლო 3 წელია, ისევ ბათუმის დინამოშია. არის და ჯერ არც ფიქრობს კარიერის დასრულებაზე. იცით, რა არის საინტერესო? გულშემატკივრებისგან გვსმენია რამდენიმე ქართველ ასაკოვან ფეხბურთელზე - “ვაა, ეს კიდევ თამაშობს?” მაგრამ არ მახსოვს, ეს ეთქვათ ამირან მუჯირზე, რადგან უკვე შეეჩვივნენ, რომ მან უნდა ითამაშოს.
მუჯირი საქართველოს ჩემპიონატის მოქმედი ფეხბურთელებიდან ერთადერთია, რომელიც თბილისის დინამოს დიუსელდორფული ტრიუმფის დროს სკოლაში დადიოდა.
“იმ დროს უკვე ვიწამლებოდი ფეხბურთით. მახსოვს, კარლ ცაისთან ფინალის დროს მამაჩემს ტელევიზორთან ვეჯექი მუხლებზე. დეტალურად კი, აბა, საიდან უნდა მახსოვდეს. მაინც პატარა ვიყავი, მხოლოდ 7 წლის”.
ამირანს არაერთი კარგი მატჩი ჩაუტარებია საქართველოს ჩემპიონატში, მაგრამ ჩვენთან ასეა – უფრო ევროტურნირებიდან გვამახსოვრდება ფეხბურთელები. 1995 წელს ბათუმის დინამო არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ევროტურნირებზე, თასების თასზე ბელგრადის ობილიჩს შეხვდა და პირველი მატჩი გასვლაზე 1:0 მოუგო პაატა მაჭუტაძის გოლით. მერე იყო საშინაო შეხვედრა, ბათუმში პირველი ტაიმი სერბებმა 2:0 მოიგეს და ყველაფერი წაღმა ტრიალდებოდა. ვისაც მეორე ტაიმი ახსოვს, რაც მარცხენა ფლანგზე მუჯირმა აკეთა...
“დიახ, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მატჩი იყო ჩემს კარიერაში. სავსე სტადიონი, გახარებული სახეები, მაგარი თამაში. მინიმუმ ორი გოლის გატანა გვჭირდებოდა და დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი, ობილიჩის საჯარიმოს არ მოვშორებივართ. სახეზე ვატყობდით სერბებს, რომ ძლივს გვიძლებდნენ. ჯერ მაჭუტაძემ გაიტანა, ბოლოს კი, 10 წუთი რომ რჩებოდა, პენალტის უფლება მოვიპოვე და თავად გავიტანე. ძალიან ბედნიერი ვიყავი”.
სხვათა შორის, ობილიჩს მრისხანე სერბი, არკანი მფარველობდა. არკანი მუსლიმანთა რისხვა იყო და სერბეთში განუზომელ ძალაუფლებას ფლობდა.
“დიახ, ვიცოდით, რომ ობილიჩს არკანი პატრონობდა, თუმცა ვერ ვიტყვი, თითქოს ბელგრადის მატჩში რაიმე განსაკუთრებული შებოჭილობა გვქონოდა. მსაჯობაც ნორმალური იყო და ტრიბუნებზე ატმოსფეროც. ეგაა, გვაჯობეს თამაშით, მაგრამ იქით მოვუგეთ მაჭუტაძის გოლით”.
ობილიჩის ძლევის შემდეგ, ბათუმის დინამო გლაზგოს სელტიკს შეხვდა. შინ იგებდა, მაგრამ საბოლოდ მაინც წააგო (2:3), ხოლო გასვლაზე 0:4 დამარცხდა. მომდევნო წელს, ისევ თასების თასზე, ბათუმელებმა იოლად გაიარეს პირველი ეტაპი, კერძოდ, ფარერების კლუბთან, მერე კი ჰოლანდიური პსვ შეხვდათ:
“გამოცდილება არ გვყოფნიდა, თორემ უფრო მედგარ ბრძოლას გავუმართავდით სელტიკსაც და პსვ-საც. ჩვენთვის უცხო იყო ატმოსფერო, რაც გლაზგოს სტადიონის ტრიბუნებზე ხდებოდა. მანამდე მსგავსი არ გვენახა. არ გვენახა ამ დონის გუნდიც. იგივეს თქმა შემიძლია პსვ-ზეც, რომელსაც შინ 1:1 ვეთამაშეთ. გოლი მე გავიტანე და სიხარულისგან არ ვიცოდი, რა მექნა. იქ 0:3 წავაგეთ, მაგრამ რას იზამ, ძალიან ძლიერი იყო პსვ”.
იმ დროს ბათუმის დინამოს ასლან აბაშიძე მფარველობდა. როგორი იყო პირობები ფეხბურთელებისთვის, რამდენად დაფასებულნი იყვნენ ხელფას-პრემიალურებით? მუჯირმა გვითხრა, იმ დროს ხალხს ფეხბურთი აერთიანებდა, მათ მცირე დროით, მაგრამ მაინც დავავიწყეთ გაჭირვებაო:
“სტადიონი აგვიშენეს და ხალხი იქ კი არ მოდიოდა საყურებლად, არამედ მორბოდა. ქუჩაში გამოხვიდოდი, გცნობდნენ, შენსკენ თითს იშვერდნენ, აი ბათუმის დინამოს ფეხბურთელიო. მინახავს, ქალს პატარა შვილი ჰყავდა ხელში აყვანილი, გამოიქცა და ჩემთან სურათი გადაიღო. ხალხის თვალებში სიხარული ჩანდა და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური გაჭირვება იყო”.
მუჯირს გული სწყდება, რომ დღეს მსგავსი აჟიოტაჟი აღარ შეინიშნება. ასე თქვა, ამხელა ქალაქში სტადიონი არ გვაქვს, ყველაფერი გაკეთდა ბათუმში და ამას ვერაფერი ეშველაო. კაცმა, რომელმაც ამდენი წელი შეალია ბათუმის დინამოს, ქალაქში სტადიონის არარსებობას შეეგუოს, იოლი არაა:
“აპირებენ აშენებას, მაგრამ საშველი არ დაადგა. ბევრს უკითხავს, სად წამოვიდე თქვენს საქომაგოდ, სად თამაშობთო. გასაგებია, რომ ქობულეთი შორს არაა, მაგრამ ზოგი მუშაობს და არ სცალია, ზოგს უბრალოდ გზის ფულიც არ აქვს. ბოლო წლებში ცოტა იმატა საფეხბურთო დინებამ, შოთა ჭეიშვილის დაბრუნებამაც იქონია გავლენა, ფეხბურთით დაკავდნენ ბავშვები, მაგრამ სტადიონის თემა მტკივნეულია. ეგებ, ცოტა წამოვიწიოთ, მთავრობაში მოვიდა კახა კალაძე, არიან კიდევ ფეხბურთის მოყვარული პიროვნებები და იმედია, მიხედავენ საკადრისად”.
მუჯირი დღევანდელ ბათუმის დინამოზე ამბობს, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები ცოტანი არ არიან, მაგრამ მათ უკეთეს ჩემპიონატში თამაში სჭირდებათ – ისეთში, სადაც სწრაფად და გეგმაზომიერად განვითარდებიანო.
კარიერაში ყველაზე მეტად რა დააკლდა? პასუხი თითქოს კითხვისთანავე იცოდი კაცმა – მუჯირმა სულ ორჯერ ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში:
“ნაწყენი არ ვარ, რადგან ნაკრებში კომპეტენტური მწვრთნელები მუშაობდნენ და მათი არჩევანი მესმოდა. თუმცა, თან არც მესმოდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ ნაკრებში, ჩემთვისაც შეიძლებოდა ერთი ადგილის გამონახვა. მარტო ჩემზეც არაა: ბათუმის დინამოდან სხვებიც იმსახურებდნენ. მშვენიერი გუნდი გვყავდა, მაგრამ რატომღაც ნაკრებში ისე ხშირად არ გვიწევდა ყოფნა. ის ადამიანი არ ვარ, წყენა გულში რომ დავიტოვო. უბრალოდ, რადგან მკითხეთ, გიპასუხეთ”.
მუჯირს ვკითხეთ ყველაზე ძლიერ ფეხბურთელებზე, რომელთა წინააღმდეგაც უთამაშია:
“როცა აზერბაიჯანულ ბაკიში ვიყავი, ბაზელს შევხვდით და ძალიან ახალგაზრდა იყო შაქირი, თუმცა დამამახსოვრდა. ეტყობოდა, რომ მაგარი გაიზრდებოდა. ასევე ბაზელში იყო შტრელერიც. კიდევ ბევრი, რომელი ერთი ვთქვა: მაგალითად, პსვ-ში ფილიპ კოკუ, ბუდევეინ ზენდენი, იაპ სტამი და ასე შემდეგ. თუმცა ეს ადრე იყო, ბოლო წლებში კი ყველაზე მეტად შაქირი დამამახსოვრდა”.
მუჯირმა გვითხრა, რომ ძველი ბათუმის დინამოელები ხშირად იკრიბებიან და იხსენებენ იმ დროს, როცა გუნდი ევროტურნირებზე გამოდიოდა.
“სხვა რა დაგვრჩენია. მოგონებები იმდენია, ფიქრებში მერევა. ფეხბურთით მოწამლულები ვართ. დღეს ვცდილობ, ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც ისე დავეხმარო, როგორც მე მედგნენ მხარში მახო მახარაძიდან დაწყებული, თემურ ტუღუშით დამთავრებული, ყველანი. ახალგაზრდას კარგი მაგალითი უნდა მისცე, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს”.
რას გააკეთებს მუჯირი კარიერის დასრულების შემდეგ? მწვრთნელობაზე ვკითხეთ, რაც გარკვეულწილად ახლაც უწევს მინდორზე, რადგან შვილისტოლა თანაგუნდელები ჰყავს:
“ერთი ვიცი, რომ ფეხბურთში დარჩენა მინდა. მწვრთნელობა იქნება თუ სხვა, არ ვიცი. თუ მწვრთნელობას გადავწყვეტ, მაშინ მზად უნდა ვიყო, რომ ამანაც ისე დიდხანს გასტანოს, როგორც ფეხბურთელობამ. მწვრთნელი ბევრია, კარგი მწვრთნელი შედარებით ცოტა, სუპერმწვრთნელი კი – ძალიან ცოტა“.
თანაც, ბათუმელთა 40 წლის ნახევარმცველმა გვითხრა, რომ კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს:
„სადამდეც გამიშვებს ენერგია, ვითამაშებ. მოვა დრო, ახალგაზრდებს მივცემ შანსს და არ ვიცი, იქნებ, მოსულია კიდეც ეს პერიოდი. ან, იქნებ, დავაგვიანე კიდეც წასვლა. თუმცა, როცა ვგრძნობ, რომ თამაში ძველებურად მიხარია, უცებ წყდება ფიქრი წასვლაზე. მინდა, ბოლო სეზონები ისე გავატარო, რომ ამაყად წავიდე. ჩემპიონატში ორი თამაში ზედიზედ მოვიგეთ, ესე იგი, ცუდად არაა საქმე. უმაღლეს ლიგაში დაბრუნებამ ახალი სტიმული შემმატა“.
ასეთია ფეხბურთით მოწამლული ამირან მუჯირი. თამაშობს, სიამოვნებას იღებს და იმ დროის დაბრუნებას ნატრულობს, როცა ქუჩაში ფეხბურთელებისკენ ხელს იშვერდნენ, აი, ვინ დავინახეთო...


ილია ნანობაშვილი
გაზეთი "ჩვენი თამაში"

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search