უცქერ ამ კაცის თამაშს და გულგრილი ვერ რჩები მისი პროფესიონალიზმითა თუ ასაკთან "შეუფერებელი" მოტივაციით! ამირან მუჯირზე მოგახსენებთ, ბათუმის "დინამოსა" და, საერთოდ, ამ სეზონის ყველაზე ასაკოვან მოთამაშეზე, 40 წლის ასაკში კვლავაც რომ ჩინებულად გამოიყურება.
გოლი და საგოლე პასი - ასეთია თავისი გუნდის ძირითადში დაბრუნებული "მუმუს" მონაგარი გასულ ტურში და ეჭვი არ გვეპარება, რომ მსგავს მაჩვენებელზე კვლავაც არაერთხელ მოგვიწევს ყურადღების გამახვილება.
ისე, ამ სეზონში თითქმის ყველა გუნდის ძირითადში შეხვდებით ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც ჯერაც დაბადებულნიც არ იყვნენ, "მუმუ" რომ უკვე ბათუმის "დინამოს" ძირითადის შეუცვლელი მოთამაშე გახლდათ.
ჰო, ბევრმა შესაძლოა, არც დაიჯეროს, მაგრამ ფაქტია - უმაღლეს ლიგაში ამირან მუჯირს დებიუტი... 23 წლის წინათ ჰქონდა!..
გაზეთი " ლელო" 19 სექტემბერი, 2014.
