“ბრინჯაოს ფინალი” ბათუმის “დინამომ” უკეთ ჩაატარა და თბილისის “დინამოს” დამსახურებულად მოუგო - 1:0. 1993 წლიდან მოყოლებული, თბილისის “დინამო” მეორედ დარჩა ევროტურნირების გარეშე: პირველად ეს მოხდა 2012 წელს, როცა გუნდს ჯერ ალექს გარსია თავკაცობდა, მერე - გიორგი დევდარიანი და ბოლოს - ნესტორ მუმლაძე. ამ გარდამავალ სეზონში კი თბილისის “დინამომ” მე-4 ადგილი დაიკავა. ბათუმელებმა ეს სეზონი ჩავარდნის გარეშე განვლეს, იყო თამშები, რომელშიც დიდი ანგარიშით იმარჯვეს და საერთოდაც, უფრო სტაბილურად თამაშობდნენ, ვიდრე თბილისის დინამოელები.
საწყისი წუთები ცოტა ქაოსური იყო, მერე კი ბათუმელები უკეთ ათამაშდნენ და ორი მწვავე შეტევაც განახორციელეს, თუმცა საგოლე მომენტამდე საქმე ვერ მიიყვანეს. პირველივე შანსი კი გამოიყენეს... მე-16 წუთი იყო, როცა გოგიტიძემ დაიწყო შეტევა, ელგუჯა ლობჯანიძეს გადააწოდა, რომელმაც მარჯვნივ გიორგი ქავთარაძეს გააყოლა, ქავთარაძემ კი თემურ შონიას გაუკეთა პასი და ბათუმელთა კაპიტანმა ახლოდან ერთ შეხებაში დარტყმით გახსნა ანგარიში - 1:0. მარტივი კომბინაცია იყო, თბილისელთა მარცხენა ფლანგი კი ჩავარდა. სხვათა შორის, ეს ნუკრი რევიშვილის პირველი გაშვებული გოლი იყო მიმდინარე ჩემპიონატში. შეგახსენებთ, “ტორპედომ” თასზე გაუტანა სამჯერ. ამ გოლმა უფრო გაათამამა ბათუმის “დინამო”, შეტევას უმატეს და ორჯერ კიდევ ბეწვზე გადარჩა გროზნის გუნდი. ჯერ თემურ შონიამ ახლოდან ხარიხას მოარტყა ბურთი, მერე კი ელგუჯა ლობჯანიძემ თითქმის კარის ხაზიდან სასწაულებრივად ააცილა კარს... არადა, კარგი კომბინაცია იყო, ლობჯანიძეს ფეხის დახვედრებაღა აკლდა.
მეორე ტაიმში თბილისელებისგან ყველა გააქტიურებას ელოდა, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე დოზით მოხერხდა. ბათუმელები კარგად იცავდნენ თავს, აზრიანად თამაშობდნენ და 83-ე წუთამდე თბილისელებს ერთი მომენტიც კი არ ჰქონიათ. ის ერთიც: ნინუამ ჩააწოდა და ჩაკვეტაძე ურტყამდა თავით, მელარე ტიმოფეევმა ითამაშა კარგად. თუმცა ბათუმელებიც ქმნიდნენ ხიფათს, შონიამ კინაღამ დუბლი გაიფორმა (ოდნავ ააცილა), იყო კიდევ სივრცეები და შეიძლებოდა უკეთ გამოყენება. კიდევ, იყო საეჭვო ეპიზოდი 78-ე წუთზე, როცა ჩაკვეტაძე წაიქცა საჯარიმოში და პენალტს ითხოვდა. მსაჯმა გიორგი ვადაჭკორიამ ჩაკვეტაძე სიმულიაციისთვის გააფრთხილა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე კი გოლის გატანა შეეძლო... მეკარე ნუკრი რევიშვილს. გიორგი პაპუნაშვილმა ჩააწოდა კუთხური, შორეულ ძელთან მდგომმა რევიშვილმა თავით დაარტყა და თორნიკე თარხნიშვილმა თავითვე გამოიტანა კარიდან. გროზნის მიერ განხორციელებულმა ცვლილელებმაც არ გაამართლა. ოთარ კიტეიშვილი მარჯვენა ფლანგზე გადავიდა, სადაც ჩაიკარგა და რიგითი ფეხბურთელივით გახდა. არ ჩანდა, არადა კიტეიშვილისგან უპირველესად ელოდნენ სიმწვავეს.
ერთი აშკარად ჩანდა: გუნდური თვალსაზრისით, ხომერიკის “დინამო” უკეთესად თამაშობდა. ბათუმელებმა ტაქტიკურად გამართულად ითამაშეს, არც აღელვებულან და მთლიანობაში, ეს ჩემპიონატი ჩაატარეს კარგად, ევროსაგზურს იმსახურებდნენ. და ასეთი გუნდი ნამდვილად იმსახურებს უკეთეს პირობებს. ცოდოა, გუნდი მესამეზე გადიოდეს ჩემპიონატში და ყოველდღიურად ქობულეთში დადიოდეს სავარჯიშოდ... ძალიან ცუდია, რომ ამხელა ქალაქში არც სტადიონია და არც ბაზა.
დინამო ბათუმი - დინამო თბილისი 1:0
გოლი: 1:0 შონია (16)
თბილისი, „მიხეილ მესხი“
დინამო ბათუმი: ტიმოფეევი, ტვილდიანი (90’ ვარშანიძე), გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, შონია, ფონიავა, ქავთარაძე (56’ გორელიშვილი), გეგეჭკორი (86’ თევდორაძე), ლობჯანიძე
მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
დინამო თბილისი: რევიშვილი, ლოჩოშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, მიქელთაძე, ზარია, თევზაძე (57’ ნინუა), ჯიღაური (46’ ჩაკვეტაძე), ხუბუტია, ჭელიძე (46’ კობოური)
მთ. მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. თოდრია, ბ. ჭიჭინაძე, ჯ. ხორავა, გ. კიკაჩეიშვილი, ი. კვირიკაშვილი
გაფრთხილება: 67’ ტვილდიანი (დინამო ბათუმი), 73’ ცინცაძე, 78’ ჩაკვეტაძე (ორივე დინამო თბილისი), 90’ თევდორაძე (დინამო ბათუმი)
worldsport.ge
