
სასურველი შედეგის მიღწევა, მხოლოდ მაქსიმალური მონდომების ხარჯზე - დინამოელები სამტრედიასთან მატჩისთვის ემზადებიან
2 ოქტომბერს, სამტრედიაში ერთმანეთს წითელი ჯგუფის ორი დაუმარცხებელი გუნდი, ბათუმის „დინამო“ და „სამტრედია“ დაუპირისპირდებიან. განვლილ ექვს ტურში მეტოქეებმა 14 (სამტრედია) და 12 (დინამო) ქულა დააგროვეს.
რას ფიქრობენ და რა განწყობით ხვდებიან დინამოელები პრინციპულ მეტოქესთან მოახლოვებულ მატჩს?!
თეიმურაზ შონია (კაპიტანი):
აუცილებლად მოსაგები მატჩია. შანსი გვაქვს, რომ წინა ტურებში დასანანად დაკარგული ქულები ახლა ავინაზღაუროთ, რათა კვლავ პირველ პოზიციას დავუბრუნდეთ. ერთგვარი ფინალის მოლოდინში ვართ. მოგების შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებულები ვხდებით.
ვაკო თევდორაძე:
რთული მატჩის მოლოდინში ვართ - რადგანაც მეტოქე სამტრედიაა. მეშვიდე ტურამდე ორივე გუნდი დაუმარცხებელია. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გამარჯვებას ვეცდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები დასახული მიზანისთვის ყველაფერს გავიღებთ.
გიორგი ქავთარაძე:
განვლილ ტურში გუნდს ვერ დავეხმარე ამჯერად კი ვეცდები, რომ მოახლოვებულ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში შევხვდე. კარგად ვაანალიზებთ იმ ფაქტს, რომ ძლიერ მეტოქეს ვხვდებით და სასურველი შედეგის მიღწევას, მხოლოდ მაქსიმალური მონდომების ხარჯზე შევძლებთ. ვიმედოვნებ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება.
ელგუჯა ლობჯანიძე:
არსებული სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე თითოეული ქულა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. „სამტრედია“ კარგად დაბალანსებული, ძლიერი გუნდია, თუმცა ბათუმის „დინამო“ ყველგან და ყოველთვის მხოლოდ მოსაგებად გადის. თამაშის მნიშვნელობასა და სატურნირო სიმჭიდროვეს თუ გავითვალისწინებთ სრული მობილიზება გვმართებს.
