30 მარტს მორიგი "საშინაო" მატჩი გამართა ქუთაისში ჩვენმა კლუბმა, ამჯერად თბილისის შევარდენთან. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბათუმისთვის დამახასიათებელი წვიმის თანხლებით ჩატარდა თამაში, რომელშიც გამარჯვება დინამოელებს დარჩათ. ანგარიში მეხუთე წუთზევე გაიხსნა, გაგოშიძემ მარჯვენა ფლანგზე გადაუტანა ბურთი ქავთარაძეს, რომელიც გასცდა ერთ მცველს, კარგად შეიგდო ბურთი ორთაშუა და დაახლოებით 22-23 მეტრიდან გაიტანა მოხდენილი დარტყმით. გოლის შემდეგაც განაგრძეს ბათუმელებმა შეტევები, აქტიურობდა ბრაზილიელი ფლამარიონი, ჯერ საჯარიმოდან ძელს გაარტყა ბურთი, მომდევნო მომენტში ცრუმოძრაობის შემდეგ შორეულ კუთხეში ურტყამდა, მაგრამ მცველისგან რიკოშეტით ოდენ კუთხურს გამორჩა. 25-ე წუთზე ვარშანიძემ გრძელი გადაცემით ქავთარაძე მოძებნა, რომელმაც კარგად მიიღო ბურთი, ლამაზად მოატყუა ვიზავი და გამჭოლი გადაცემით კარის წინ დატოვა ფლამარიონი - 2:0. ამის შემდეგ გააქტიურდა შევარდენი, ტაიმის ბოლოს ორჯერ სახიფათოდ დაემუქრა ჩვენს კარს ზვიად ქანთარია, თუმცა უშედეგოდ. მეორე ტაიმის საწყისი წუთებიც თბილისელთა აქტიურობის ფონზე მიმდინარეობდა, შედეგად როსტიაშვილმა ისარგებლა მცველების უყურადღებობით და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. რამოდენიმე წუთში ისევ სახიფათო მომენტი შეიქმნა ბათუმელთა კართან, მაგრამ საბოლოო დარტყმა გამოდგა არაზუსტი. ტაიმის მეორე ნახევარში დინამოლებმა დაალაგეს თამაში, ბოლო წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა თევდორაძემ ელეგანტურად გადაუგდო ბურთი თავზე ნადირაძეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.
ზედიზედ მორე მოგება, ორივე მატჩში გატანილი სამ-სამი გოლი და მკვეთრად გამოსწორებული სატურნირო მდგომარეობა. ამ მატჩით დასრულდა ჩვენი ქუთაისური "საშინაო" შეხვედრები. კლუბი მადლობას უხდის ქუთაისელებს, როგორც კლუბის, ასევე სტადიონის მესვეურებს გულისხმიერი დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის. მომდევნო საშინაო მატჩს გუნდი უკვე ბათუმში ჩაატარებს, 14 აპრილს ანგისის ბაზაზე "ნორჩი დინამოელს" უმასპინძლებს. მანამდე კი 4 აპრილს მარტვლიში 14:00 საათზე, "მურთაზ ხურცილავაზე" წყალტუბოს სამგურალს შეხვდება.
ქუთაისი. "რამაზ შენგელია".
დინამო (ბთ) - შევარდენი 3:1
გოლები: 1:0 გიორგი ქავთარაძე (5), 2:0 ჯოვინო ფლამარიონი (25), 2:1 მიხეილ როსტიაშვილი (67), 3:1 ვალერიან თევდორაძე (90+3)
დინამო (4-3-3): მიხეილ ალავიძე, გელა გოგიტიძე, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ქავთარაძე, ბექა
ვარშანიძე, ამირან აბუსელიძე, ლევან შარიქაძე (ვალერიან თევდორაძე 90), გიორგი ჯანელიძე (კ), ლაშა ჩალაძე, ჯოვინო ფლამარიონი (ბესო დეკანოიძე 76), გიორგი ილურიძე (გიორგი განუგრავა 57)
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
შევარდენი (4-5-1): გიორგი ნადირაძე, ბიჭიკო გედენიძე, ვარლამ კილასონია, დავით ოდიკაძე (კ), დავით მთივლიშვილი, ომარ პატარკაციშვილი, ავთანდილ გუჯაბიძე, ვაჟა ნემსაძე (შოთა ჯიქია 46), სილას სატურინიო (საბა მაისურაძე 68), ფარიდ ნაბიევი (მიხეილ როსტიაშვილი 67), ზვიად ქანთარია
მთ. მწვრთნელი: გელა სანაია