
გაცნობებთ, რომ დინამო ბათუმის სამი ფეხბურთელი – ლუკა ქაფიანიძე, ნიკა კალანდარიშვილი და ლაზარე კუპატაძე, მიღებული ტრავმების გამო, უახლოეს პერიოდში გუნდს ვერ დაეხმარება.
ლუკა ქაფიანიძეს, სამედიცინო გამოკვლევების შედეგად, წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება დაუდგინდა და, სამწუხაროდ, აღნიშნული ტრავმა ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს. ოპერაცია უახლოეს პერიოდში თურქეთში ჩატარდება და ამის შემდეგ მოთამაშეს ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მოუწევს.
რაც შეეხება ნიკა კალანდარიშვილს, მოთამაშეს ქუსლის ძვლის სტრესული მოტეხილობა აღენიშნება. მკურნალობის პროცესი ფიქსაციასა და შესაბამის რეაბილიტაციას მოიცავს. ნიკას მოედანზე დასაბრუნებლად 6-8 კვირა დასჭირდება.
ლაზარე კუპატაძემ კი, მხრის სახსრის დაზიანება მიიღო. ამ ეტაპზე ფეხბურთელს კონსერვატიული მკურნალობა და სარეაბილიტაციო კურსი დაენიშნა. აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ სამედიცინო შტაბი ხელახლა შეაფასებს მის ფუნქციურ მდგომარეობას, რის შემდეგაც ზუსტად განისაზღვრება მოედანზე დაბრუნების ვადები.
კლუბი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ფეხბურთელებს ამ რთულ პერიოდში. თითოეულ მათგანს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებასა და მწვანე მინდორზე მალე დაბრუნებას!
