ოფიციალურად | დირკ კარლსონი დინამო ბათუმის ფეხბურთელია

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების მცველი, დირკ კარლსონი, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი გუნდს ავსტრიული ზანქტ-პოლტენიდან შემოუერთდა.

მხარეებს შორის ხელშეკრულება 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა. ამასთან, კლუბი ინარჩუნებს უფლებას, ის დამატებით ერთი წლით გაახანგრძლივოს.

კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, კლუბის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:

„ბედნიერი ვარ დინამო ბათუმში გადმოსვლით, მე მაღალ მიზნებს ვისახავ – მინდა, გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო და ჩემი გამოცდილებით წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო.“ – დირკ კარლსონი.

რაც შეეხება ფეხბურთელის განვლილ გზას, იგი პროფესიული კარიერის საწყის წლებში ლუქსემბურგულ კლუბებში, რასინგსა და ტიტუს პეტანჟში ასპარეზობდა, სადაც მისი პროფესიული დებიუტი 2016 წელს შედგა. მას შემდეგ დირკ კარლსონმა არაერთი ევროპული გუნდის მაისური მოირგო – შვეიცარიული გრასჰოპერსის, გერმანული კარლსრუესა და აუეს, ნიდერლანდური ადო დენ ჰააგისა და ავსტრიული ზანქტ-პოლტენის. მან ჯამში 200-ზე მეტ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. იგი დაცვის ხაზში უნივერსალურობით გამოირჩევა და ცენტრალურ მცველობასთან ერთად, მარცხენა მცველად თამაშიც შეუძლია. 

განსაკუთრებით გამორჩეულია მისი სანაკრებო კარიერა. დირკ კარლსონი ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების გამოცდილი და მნიშვნელოვანი წევრია. მთავარ გუნდში მას 73-ზე მეტ შეხვედრაში აქვს მიღებული მონაწილეობა და წლების განმავლობაში მუდმივად იცავს თავისი ქვეყნის ღირსებას ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე.

← სიახლეები

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.