დინამოელთა ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია გრძელდება. ამჯერად ბათუმურმა კლუბმა სტუმრად მარტვილის „მერანი“ დაამარცხა.
გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, გიორგი ქავთარაძე, „დინამო“ ბათუმის ოფიციალური ვებ-გვერდის კითხვებს პასუხობს:
– ვიცოდით რომ მარტვილში დაძაბული მატჩი გველოდა. გულშემატკივრები ცოტათი ვანერვიულეთ, თუმცა გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩა და ეს მახარებს.
– საგოლე გადაცემის და გადამწყვეტი გოლის ავტორი გახდი…
– მართალია ჩემი გოლით გავიმარჯვეთ, მაგრამ რომ არა თანაგუნდელთა მხარდაჭერა ვერც გოლს გავიტანდი და ვერც გამარჯვებას მოვიპოვებდით.
– როგორ ფიქრობ, შესწევს „დინამოს“ იმის ძალა, რომ საპრიზო ადგილებისთვის და ევროსაგზურისთვის იბრძოლოს?
– რა თქმა უნდა, შეგვიძლია და ვიბრძოლებთ კიდეც. ყოველი მომდევნო მატჩით სანუკვარ მიზანს უფრო ვუახლოვდებით, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროსაგზური მოვიპოვოთ.
– ბათუმის „დინამოს“ თუქრული შეკრების დაწყებამდე შეუერთდი – როგორ შეეწყვე ახალ გუნდს და ქალაქს?
– გუნდში კარგი ატმოსფერო და სიტუაციაა – სხვაგვარად შედეგი წარმოუდგენელი იქნებოდა. რაც შეეხება ქალაქს, ამ მოკლე პერიოდში ბათუმმა თავი ძალიან შემაყვარა და ამას ვერ დავმალავ.
