
დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ჩვენი აკადემიის აღზრდილ ორ ნიჭიერ ფეხბურთელთან - გურამ ჯაფარიძესთან და გიორგი ფუტკარაძესთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები ოფიციალურად გახანგრძლივდა. შეთანხმების თანახმად, ახალგაზრდა მოთამაშეები კლუბის ღირსებას 2028 წლის ბოლომდე დაიცავენ.
ხელმოწერის საზეიმო ცერემონია აჭარაბეთ არენაზე გაიმართა. ღონისძიებას კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, ფეხბურთელების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, რაც ჩვენი კლუბის ტრადიციებისა და დიდი საფეხბურთო ოჯახის ერთიანობის კიდევ ერთი დასტურია.
დინამოს პირველ გუნდში გურამ ჯაფარიძის დებიუტი 2024 წლის 5 ოქტომბერს, ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ შედგა. იქიდან მოყოლებული, მან საკუთარი შრომისმოყვარეობით მალევე დაიმკვიდრა ადგილი მთავარ გუნდში და ლურჯ-თეთრი ფორმა ჯამში 54-ჯერ მოირგო. ამ პერიოდის განმავლობაში მის ანგარიშზე სამი გატანილი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.
რაც შეეხება გიორგი ფუტკარაძეს, მან ბათუმელთა ფორმით პირველად თბილისის დინამოს წინააღმდეგ, 2023 წლის 28 ნოემბერს ითამაშა. მას შემდეგ გიორგიმ 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
დინამო ბათუმისთვის საკუთარი აკადემიის აღზრდილების დაწინაურება, მათი ნდობა და განვითარება კლუბის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.
ვულოცავთ გურამსა და გიორგის კარიერაში ამ მნიშვნელოვან ეტაპს და მშობლიურ კლუბთან ერთად კიდევ ბევრ გამარჯვებასა და ტიტულის მოპოვებას ვუსურვებთ!
