სიახლეები

ოფიციალურად | ავაკა ეშეთე 2028

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ისრაელელი საყრდენი ნახევარმცველი, ავაკა ეშეთე, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება სამშობლოში გაიარა, რის შემდეგაც დინამოსთან ხელშეკრულება 2028 წლის ბოლომდე გააფორმა.

კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, კლუბის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:

„ბედნიერი ვარ დინამოში გადმოსვლით, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. პირველად ვითამაშებ ისრაელის საზღვრებს გარეთ და ვფიქრობ, წინ საინტერესო თავგადასავალი გველის.“ - ავაკა ეშეთე.

რაც შეეხება ფეხბურთელის განვლილ გზას: იგი იერუსალიმის ჰაპოელის აღზრდილია და მთელი პროფესიული კარიერა სწორედ ამ კლუბში გაატარა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 2016 წელს შედგა. მას შემდეგ ავაკამ ჰაპოელის მაისურით 229 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. იგი გუნდის კაპიტანი გახლდათ და ისრაელის ჩემპიონატში არაერთი გამორჩეული მატჩი აქვს ჩატარებული.

ავაკა ეშეთე უკვე შეუერთდა გუნდს და დღეს დინამოსთან ერთად პირველ ვარჯიშს ჩაატარებს. 22 ივნისს კი, როდესაც საქართველოში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, კლუბი ტრანსფერს ოფიციალურად დაარეგისტრირებს, რის შემდეგაც მას ოფიციალურ მატჩებში თამაშის უფლება მიეცემა.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search