სიახლეები

სიურპრიზები ბათუმის "დინამოდან"

9005c8a6256bბათუმის `დინამო~ ერთწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. მართალია, პირველ ლიგაში მოასპარეზე `დინამომ~ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანები გუნდის უმაღლესში დაშვებას რატომღაც არ აპირებდნენ, ის კი არა და, არც პლეი-ოფში თამაშზე იყვნენ თანახმა. საბოლოოდ, კლუბმა კუთვნილი მიიღო და როგორც გუნდის უფროსი ბესიკ თედორაძე აცხადებს, `დინამო~ მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. თუ რა აძლევს ამის თქმის საფუძველს, ამას უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ გასულ სეზონში ბათუმის `დინამომ~ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა და უმაღლეს ლიგაში დაბრუნების კარგი შანსიც გაუჩნდა, თუმცა, სფფ-ს მაღალჩინოსნებმა ეს გააპროტესტეს. რატომ?
_ დავიწყებ იმით, რომ ჩვენს კლუბს ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, თუმცა, სფფ-ს ხელმძღვანელები მაინც თავს იკავებდნენ. სიმართლე გითხრათ, იმდენი რამ ითქვა და იმდენჯერ დაიწერა ამის თაობაზე, რომ არც მსურს ამაზე საუბარი. მხოლოდ ერთს ვიტყვი, უმაღლეს ლიგაში თამაშს ვიმსახურებდით და ვითამაშებთ კიდეც. თუმცა, დღემდე ვერ გამორკვევია, რის საფუძველზე გვეუბნებოდნენ უარს.
_ ჩემი ინფორმაციით, სფფ-ს პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას უმაღლეს ლიგაში იმ გუნდების ხილვა სურდა, რომლებიც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატს არჩილ არველაძეს დაუჭერდა მხარს, ბათუმის `დინამოს~ კი თანამოაზრეებში ვერ ხედავდა...
_ რაც იყო იყო. წარსულს აღარ მივსდევთ. მთავარია, უმაღლეს ლიგაში დავბრუნდით და ახლა მხოლოდ მომავალზე ვფიქრობთ.
_ კარგი. გუნდში განხორციელებულ ცვლილებებზე რას გვეტყვით?
_ სამწვრთნელო შტაბით დავიწყებ. მთავარი მწვრთნელი ლევან ხომერიკია, რომელსაც ასისტენტობას ასლან ბალაძე გაუწევს. საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი შოთა ჭეიშვილი კი მთავარი კონსულტანტი გახლავთ. სწორედ მისი მწვრთნელობის პერიოდს უკავშირდება `დინამოს~ საუკეთესო პერიოდი, როდესაც გუნდმა ერთ სეზონში ჩემპიონატის ვერცხლის მედლებთან ერთად, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიპოვა. იმედია, მისი დაბრუნება გუნდში იღბლიანი იქნება. იური მამინაიშვილი მეკარეებს გაწვრთნის, კახა ვაჩეიჭვილი კი ფიზმომზადების მწვრთნელია. ყველა თავისი საქმის კარგი მცოდნეა და ეს სულ მალე გუნდის თამაშში აისახება.
_ ფეხბურთელები?
_ ცხინვალის `სპარტაკიდან~ დავიმატეთ საყრდენი ნახევარმცველი თემურ შონია და მცველი ნიკა მგელაძე, `გურიადან~ ჩამოვიყვანეთ ასევე მცველი არნო ჩუენსუ. ნახევარდაცვა გავაძლიერეთ დიმიტრი პაჭკორიათი, რომელიც უკრაინის `სკალაში~ თამაშობდა და ნიკა დიასამიძით თბილისის `დინამოდან~, თავდასხმაში კი გიორგი ბერიაშვილი, მიხეილ კაკალაძე და დიმიტრი ტატანაშვილი გაირჯებიან. ტატანაშვილის შეძენით ჩვენ სატრანსფერო სეზონი დავხურეთ.
_ ახლახან თურქეთში დაასრულეთ საწვრთნელი შეკრება, რამდენიმე სპარინგ-მატჩიც გამართეთ. სავარაუდოდ, შეგექმნებოდათ გუნდის ავ-კარგზე შთაბეჭდილება. რას ჰპირდებით გულშემატკივარს?
_ თურქული შეკრება საკმაოდ ნაყოფიერი იყო გუნდისთვის. ბევრმა ფეხბურთელმა დადებითად წარმოაჩინა თავი და მათი იმედი ნამდვილად შეიძლება გვქონდეს. დუბლებიდან წავიყვანეთ ზურა ქათამაძე და ნიკა აშბა, რომლებმაც ძალიან დამაჯერებლად ითამაშეს. რაც შეეხება ტესტ-მატჩებს, ფაქტობრივად, ჩვენი დონის გუნდები იყვნენ, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფინანსური შესაძლებლობები ჩვენზე მეტი აქვთ და შეთამაშებულები არიან. `დინამომ~ ყველა მატჩი კარგად ჩაატარა, მართალია, არის გარკვეული ხარვეზები, მაგრამ თანდათან ესეც გამოსწორდება. გულშემატკივარს კი ლამაზ და შედეგიან ფეხბურთს ვპირდებით. ბათუმის `დინამო~ ყოველთვის შემტევი ფეხბურთის მიმდევარი იყო. შემტევ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას მწვრთნელიც და კონსულტანტიც. ასე რომ, შევუტევთ.
_ მიზანი?
_ მინიმუმ მეშვიდე ადგილი. თუმცა, დარწმუნებულები იყავით, რომ მეტი შეგვიძლია. მადა ჭამაში მოდისო და ჩვენც მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. გულშემატკივრებს ვთხოვთ, პირველივე სეზონზე ჩემპიონობას ან თასის მოპოვებას ნუ მოგვთხოვთ, სამომავლოდ კი ამ ჯილდოების დაუფლება ნამდვილად შედის ჩვენს მიზნებში.
_ პრობლემად რჩება სტადიონი...
_ სამწუხაროდ, საკუთარი სტადიონი არ გვაქვს და ქობულეთში `ჩელე-არენაზე~ მოგვიწევს თამაში. ჩემპიონატის კალენდარი ისეა შედგენილი, რომ ჩვენი და `შუქურას~ თამაშები ერთმანეთს არ ემთხვევა. ანუ როდესაც ჩვენ გასვლა გვაქვს, `შუქურა~ შინ ითამაშებს და პირიქით. რაც შეეხება სტადიონს, ანგისის ბაზის მშენებლობა მალე დაიწყება და სანამ სტადიონი გვექნება, შესაძლებელი იქნება იქ საშინაო მატჩების გამართვა. ცენტრალური საფეხბურთო არენის მშენებლობა კი, რომელიც 20 ათას ადამიანს დაიტევს, სავარაუდოდ, 2015 წელს დაიწყება. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ბათუმში ყოფნისას განაცხადა.
_ ჩემპიონატის ფავორიტებად ვინ მიგაჩნიათ?
_ პირველ რიგში, თბილისის `დინამო~, რომელსაც წელს ერთ-ერთი ძლიერი გუნდი ეყოლება. დანარჩენი გუნდები კი ჩემი აზრით, თანაბარი დონის არიან, ვინაიდან ეროვნულში მოთამაშე წამყვანი ფეხბურთელების თანაბარი გადანაწილება მოხდა სხვადასხვა კლუბებში. ჩვენგან კი სიურპრიზებს ელოდეთ.

ირაკლი დარცმელიძე
გაზეთი `აჭარა~

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search