ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორი მალხაზ მახარაძე ამბობს, რომ აღმასკომმა უმაღლეს ლიგაში გუნდის დაშვებით, ბათუმში ფეხბურთის განვითარების და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გაუხსნა გზა:
- ამით ჩვენთვის ბევრი რამ შეიცვლება. გახარებულები ვართ, რომ ლიგაში ადგილი დავიბრუნეთ. სხვაგვარი გადაწყვეტილება უსამართლობა იქნებოდა. რაც მთავარია, აჭარაში ფეხბურთისადმი მეტი ენთუზიაზმი და სტიმული გაჩნდება.
ბათუმის "დინამოს" ბაზის მშენებლობა დაწყებული იყო, ახლა კი აჭარის მთავრობას ქალაქში სტადიონის ასაშენებლად მეტი სტიმული მიეცემა.
- ანუ სტადიონის მშენებლობა რეალურია?
- მე პირადად ასე ვიცი, რომ მშენებლობა 2015 წლიდან დაიწყება.
- საინტერესოა, ვინმეს კიდევ დაიმატებთ გუნდში?
- გეცოდინებათ, რომ მოვიყვანეთ შონია, ჩუენსუ, კონტრაქტები გავუგრძელეთ ალავიძეს, სუხიაშვილს, გავაშელიშვილს, იჯარით დავიმატეთ დიასამიძე... სიახლე ისაა, რომ ცხინვალის "სპარტაკის" მცველი ნიკა მგელაძეც ჩვენთან ითამაშებს.
მაგრამ მათ გარდა, კიდევ რამდენიმე მოთამაშე გვჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ რეალურია, მაგრამ მოლაპარაკება დავიწყეთ საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ დავით სირაძესთან.
- მისი რეაქცია როგორი იყო?
- დაინტერესდა, მაგრამ ჩვენ აღმასკომის გადაწყვეტილებას ველოდით და რადგან, ფაქტობრივად, უმაღლესში დაგვიშვეს, ახლა თამამად დაველაპარაკებით.
- საერთოდ, რა დონის მოთამაშეების დამატების საშუალება გაქვთ?
- ბიუჯეტიდან 1,36 მილიონი ლარით დაგვაფინანსეს, წლის ბოლომდე კი, ალბათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით სახსრებს მივიღებთ. ყოველ შემთხვევაში, ასე ითქვა და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება.
გაზეთი „ლელო“ (მცირედი შემოკლებით)
