1 მაისს ჩელე-არენაზე პირველი ლიგის "ბ" ზონის ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებოდნენ. ბათუმის "დინამო" და ხელვაჩაურის "მაჭახელა" 24-ე ტურის მატჩით მეორე ადგილოსანის ვინაობას არკვევდნენ, გამარჯვება ბათუმელებს ფაქტიურად უნაღდებდა მეორე პოზიციას. მატჩი თავიდანვე დაძაბულად დაიწყო, პირველი წუთები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ხელვაჩაურელები სიხისტით გამოირჩეოდნენ და მოედნის ყოველი მონაკვეთისთვის თავგამოდებით იბრძოდნენ.
ტაიმის შუაწელისკენ თანდათან გამოიკვეთა "მასპინძელთა" ტერიტორიული უპირატესობა, მე-18 წუთზე სტუმართა კარისკენ დანიშნული საჯარიმო შესანიშნავად გამოიყენა გიორგი გავაშელიშვილმა და დინამოელები დააწინაურა, რომლებიც ამის შემდეგაც ცდილობდნენ არ დაეკარგათ მატჩზე კონტროლი, შედეგად ტაიმის ბოლო წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით ირაკლი ჩირიკაშვილმა გააორმაგა თავისიანების უპირატესობა.
მეორე ნახევარიც იგივე სცენარით დაიწყო, 48-ე წუთზე უხეში თამაშისთვის მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა "მაჭახელას" კაპიტანს გელოდი ფალავანდიშვილს, კაცნაკლულმა სტუმრებმა უკან დაიხიეს, რასაც მეკარის შეცდომა და გელა გოგიტიძის მესამე გოლი მოჰყვა, ამის შემდეგ გამარჯვებულის ვინაობა გარკვეული იყო. მატჩის ბოლოს 89-ე წუთზე ტატო აბუსელიძემ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 4:0. დინამო დამაჯერებელი ანგარიშით იგებს და ორი ტურით ადრე ოთხქულიან უპირატესობას იღებს.
"დინამო" (ბათუმი) - "მაჭახელა" (ხელვაჩაური) - 4:0
"დინამო" : გ.ალავიძე - გ.ჟვანია, გ.გავაშელიშვილი(ვ.ქორიძე 83), ბ.ტეტუნაშვილი, ა.სუხიაშვილი - გ.გოგიტიძე, ბ.მახარაძე, ა.მუჯირი(კ.მაკარიანი 81), ი.ჩირიკაშვილი, ბ.ჭკუასელი(ნ.კიკნაველიძე 70) - ი.სიხარულიძე(ა.აბუსელიძე 81)
"მაჭახელა" : მ.ხარშილაძე(ჩ.აკმელი 46) - ლ.რამიშვილი, გ.კაჭკაჭიშვილი, დ. ბერუაშვილი, ლ. ხაჭაპურიძე - მ.ჟვანია, გ.ფალავანდიშვილი, გ.ჩხიკვიშვილი(ნ.ქორიძე 28), თ.ბერიძე(ა.ლორია 46), ა.ლაბაძე(ს.ცინსქილაძე 81) - ა.ბაციკაძე(გ.სირაბიძე 73)
გოლები: 1:0 გ.გავაშელიშვილი (18); 2:0 ი.ჩირიკაშვილი (45); 3:0 გ.გოგიტიძე (67); 4:0 ა.აბუსელიძე (89)
გაფრთხილებები: ბ. მახარაძე (40) / გ.ფალავანდიშვილი (39, 48), ნ ქორიძე (53), დ.ბერუაშვილი (65)
გაძევება: გ. ფალავანდიშვილი (48)
