სიახლეები

შეროზიამ შეცვლები გამოიცნო

i cbaddd23acc6e6539a77e9054504c078 1429428532025500 0ტურის ცენტრალურ მატჩად მიჩნეულმა ზუგდიდ-ბათუმის დაპირისპირებამ მოლოდინი სრულად გაამართლა და „ბაიას“ ბაზაზე შეკრებილმა ქომაგებმა ნამდვილი ბრძოლა იხილეს. ზუგდიდმა ლიდერთან 2:1 მოიგო.

 

პირველი ტაიმი გუნდებმა გარდამავალი უპირატესობით წარმართეს. შეხვედრას მოსაწყენი ნამდვილად არ ეთქმოდა. პირველ თხუთმეტწუთიანი მონაკვეთში აშკარა უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და მათ სახიფათო მომენტებიც შექმნეს. მასპინძელთა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან მაჩაიძემ წამოიწყო და მოედნის ცენტრიდან ლომიამ გააგრძელა, რის შემდეგაც გუგუჩიამ სწრაფი დრიბლინგით მეტოქის საჯარიმოში შეაღწია და ძლიერადაც დაარტყა, ბურთი ალავიძის კარს სანტიმეტრებში ასცდა.

9-ე წუთზე ზუგდიდელებმა კვლავ მწვავედ შეუტიეს და ლომია-წურწუმიას კარგი კომბინაციის შემდეგ ბურთი მიუვიდა კუტალიას, რომელმაც ისევ ლომიას გადააწოდა, მაგრამ ზუგდიდელთა კაპიტანს დარტყმა მცველებმა არა დაანებეს. პირველ ტაიმში გუნდები მაინც ფრთხილობდნენ, მაგრამ ყრუ დაცვაში არცერთი ჩამჯდარა - პირიქით, თამაშს ბრძოლა და ჟინი არ აკლდა. ამასობაში ზღვისპირელებმაც „უჩხვლიტეს“ მეტოქეს და ზედიზედ ორჯერ - ბობღიაშვილის კარს ტატანაშვილი და ქავთარაძე დაემუქრნენ, მაგრამ ორივეს დარტყმული კარს ასცდა.

ზუგდიდელებმა ნახევარი საქმე ტაიმის მიწურულს მოითავეს, როცა ლევან წურწუმიას ზუსტი პასის შემდეგ ბათუმელთა საჯარიმოში შოთა ლომია წააქციეს და არბიტრმა სილაგავამ ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტი უზადოდ ზუგდიდელთა კაპიტანმა შეასრულა - ლომიას აქტივს მეცხრე გატანილი გოლი შეემეტა.

მეორე ტაიმში, ლომია არა თუ დუბლის, არამედ ჰეთ-თრიკის შესრულებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ორივე ჯერზე სიზუსტემ დააღალატა, როცა ტყუპისცალი გოლების გატანა შეეძლო, მან კი ახლო მანძილიდან ააცილა. პირველი მომენტის შემდეგ დაუწერელი კანონი სრულად ამოქმედდა -„არ გაიტან გაგიტანენ“ და ბათუმელთა საპასუხო იერიში გოლით დაგვირგვინდა. მარჯვენა ფლანგიდან მოწოდებულ ბურთს ზუსტი თავური დაბოლოება ქავთარაძემ მისცა და თანფარდობა აღადგინა - 1:1.

გოლის შემდეგ ზღვისპირელებმა უფრო ფხიანად შეუტიეს და სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს. სტუმართა შეტევები უფრო აგრესიული შეცვლაზე შემოსულმა, აბუსელიძე-თევდორაძის დუეტმა გახადა. აჭარლები დაწინაურებასთან რამდენჯერმე ახლოს იყვნენ, მაგრამ ზუსტად მოქმედებდნენ ზუგდიდელთა დაცვა და კარის დარაჯი, მინდია ბობღიაშვილი, რომელმაც ბერიაშვილის და ქავთარაძის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთები მოიგერია.

რაც უფრო ილეოდა დრო, ორივე გუნდი შეტევებს ამძაფრებდა. შეცვლებს ბესიკ შეროზიამაც მიმართა და წინა ხაზის გასაძლირებლად, შეტევაში ლაშა კუკავა ჩართო, ხოლო მალევე შემტევი ნახევარმცველი ავთო ენდელაძეც შეუერთა საკუთარ შეგირდებს. შეცვლებმა მწვრთნელს არც უმტყუნა და თამაშის მიწურულს, წურწუმიას ჩინებული გადაცემა ზუსტი თავურით კუკავამ დააბოლოვა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა შესძინა.

ბესიკ შეროზია (ზუგდიდის მთავარი მწვრთნელი): „ჩემპიონატის ერთ-ერთ გამოკვეთილ ფავორიტთან, იოლი გასეირნება რომ არ გვექნებოდა, ამას თავიდანვე შეგუებულები ვიყავით, თან იმის ფონზე, როცა ბათუმელებთან თამაშში წამყვანი ფეხბურთელები გაკლია. მთლიანობაში ჩვენმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, დავალება ზუსტად შეასრულა და ვფიქრობთ, ლიდერთან დამსახურებულ გამარჯვებას მივაღწიეთ. მომდევნო საშინაო თამაშიც ასევე რთულ მეტოქესთან გვიწევს, მაგრამ სასურველი შედეგისთვის გუნდი ბოლომდე დაიხარჯება“.

ზუგდიდი - დინამო ბთ. 2:1

ზუგდიდი, „ბაიას“ ბაზა, 18 აპრილი

გოლი: 1:0 ლომია (პენ. 43წთ.), 1:1 ქავთარაძე (57 წთ), 2:1 კუკავა (88 წთ)

ზუგდიდი: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, პაჭკორია, აკობია, რიგვავა, კობერიძე, ქირია (კუკავა 68), გუგუჩია (ენდელაძე 77), წურწუმია, კუტალია (ღონღაძე 90), ლომია

მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

დინამო ბთ: ალავიძე, ქორიძე, მგელაძე, მახარაძე, სუხიაშვილი, შონია, ვარშანიძე (ვარშანიძე 71), ქავთარაძე, ჭკუასელი (თევდორაძე 46), ბერიაშვილი, ტატანაშვილი (აბუსელიძე 46)

მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

გაფრთხილება: პაჭკორია (15), ვარშანიძე (20), მახარაძე (60)

მსაჯი: ლაშა სილაგავა

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search