სიახლეები

„დინამომ“ ზესტაფონში იმარჯვა

bd27ed9cce02ზედიზედ მესამე გამარჯვება და ოთხი წაუგებელი მატჩი. ბათუმის „დინამო“ ლიდერებს „ახალი ისტორიით“ უახლოვდება - საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონთან“ სტუმრად მოპოვებული გამარჯვება ბათუმელთა ისტორიაში პირველი აღმოჩნდა.

„სამტრედიასთან“ სათასო მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ „დინამოს“ სუსტ გამოსვლას და დასკვნით ტურებში ჩავარდნას პროგნოზირებდნენ. თუმცა, ბათუმურმა კლუბმა ხასიათი გამოავლინა და მეტოქის დამარცხება მისავე მოედანზე მოახერხა, თან ისე, რომ შეხვედრაში კომფორტული უპირატესობა პირველი ტაიმშივე შეიქმნა.

შეხვედრა აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და საწყის წუთებში დაწინაურებაც შეეძლოთ თუმცა მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს. ბათუმურმა კლუბმა პირველი საგოლე მომენტი შეხვედრის მეთვრამეტე წუთზე შექმნა - ბერიაშვილმა მარცხენა ფლანგზე რენე ფერეირა ჩამოიტოვა და საჯარიმოში შემოჭრილ შონიას უპასა - სტურმები 1 : 0 დაწინაურდნენ. ზუსტად შვიდ წუთში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს - დინამოელები საკუთარ საჯარიმოსთან დაჯარიმდნენ. სტანდარტულის შესრულება კი ენდელაძემ ითავა, რომელმაც უმეთვალყურეოდ დარჩენილ ილურიძეს ბურთი თავზე დაასვა - 1 : 1. შეხვედრის 39 -ე წუთზე დინამოელები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ. ამჯერად ბერიაშვილმა იყოჩაღა. დინამოელმა რენე ფერეირასთან ორთაბრძოლაში იმარჯვა და ტატანაშვილს უპასა. ბათუმელთა თავდამსხმელმა კი ბურთი
მეკარისგან მარცხენა ცხრიანში მოათავსა 2 : 1.

43 - ე წუთზე დინამეოელებმა მეთოქის საჯარიმოსთან სტანდარტული გაითამაშეს, შონიამ გოგიტიძეს დაუგორა, ამ უკანასკნელმა კარისკენ ძლიერად დაარტყა, მარგველთა გოლკიპერმა კი ბურთი ვერ შეიმაგრა 3 : 1.

მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო - დინამოელებმა კი უკან დაიხიეს. ზესტაფონელებმა დინამოელთა კარებთან შტურმი მოაწყვეს, თუმცა იმ დღეს მოწოდების სიმაღლეზე მიხეილ ალავიძე აღმოჩნდა, რომელმაც სამი-ოთხი ურთულესი ბურთი მოიგერია და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. 68 - ე წუთზე შეხვედრის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა გიორგი ბერიაშვილმა მასპინძლებს მეოთხე ბურთი გაუტანა - ამჯერად საგოლე გადაცემა ტატანაშვილმა მიითვალა. სათამაშო უპირატესობის მიუხედავად მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს - თავი ხიდეშელმა გამოიჩინა. შეხვედრა 2 : 4, დინაოელთა სასარგებლოდ დასრულდა.

მომდევნო მატჩს ბათუმის „დინამო“ 6 დეკემბერს, „შუქურასთან“ გამართავს.

ლევან ხომერიკი (“დინამო”): “კარგი თამაში გამოვიდა. ასეთი სანახაობრივი პაექრობები ეროვნულ ჩემპიონატში იშვიათია. ვიცოდით მეტოქის ძალა და ამიტომაც ავარჩიეთ ეს სტრატეგია. თასზე განცდილი მარცხის შემდეგ ჩვენი გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება,”.

გურამ ასპინძელაშვილი (“ზესტაფონი”): “მცველების შეცდომების გამო წავაგეთ. მარცხის მიზეზი არ იყო სათამაშო ტაქტიკა და მონახაზი. ბევრს ვუტევდით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავიტანეთ. სამაგიეროდ, მეტოქემ თავისი შანსები 100%-იანი სიზუსტით გამოიყენა”.
“ზესტაფონი” – “დინამო” ბათუმი – 2:4 (1:3)

30 ნოემბერი. 14:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”. 700 მაყურებელი

“ზესტაფონი: პავლოვიჩი, თედორე გრიგალაშვილი (მიქელთაძე, 88), ხიდეშელი, რენე ფერეირა, გაგოშიძე, შარიქაძე, ენდელაძე (კაპანაძე, 64), ჭანტურიშვილი, ილურიძე (ფანცულაია (74), გვალია, დვალი.

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

“დინამო”: ალავიძე, სუხიაშვილი, მახარაძე, ტეტუნაშვილი, ჭკუასელი, შონია, გოგიტიძე (ვარშანიძე, 68), ჩირიკაშვილი (მაკარიანი, 75), ტატანაშვილი, მგელაძე, ბერიაშვილი (87).

მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

გოლები: 0:1 შონია (18), 1:1 ილურიძე (25), 1:2 ტატანაშვილი (39), 1:3 გოგიტიძე (43), 1:4 ბერიაშვილი (66), 2:4 ხიდეშელი (74).

გაფრთხილება: შარიქაძე (42).

არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი (ქუთაისი)

ს.კ. ზესტაფონის ფოტო

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search