მატჩი დინამოელთა უპირატესობით დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტები სტუმართა კართან მეთხუთმეტე წუთისთვის შეიქმნა, თუმცა ჯერ ქორიძე-შონიას „დუეტმა“ გააცუდა შანსი და ვერც ტატანაშვილის მცდელობა გამოდგა ხეირიანი.
დინამოელთა პირველ გატანილ ბურთამდე სტუმრებს ღირებული არაფერი შეუქმნიათ. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი შეხვედრის პირველი გოლი გავიდა. შონია-ჭკუასელი-მუჯირის სამსვლიანი კომბინაცია ტატანაშვილის გატანილი გოლით დასრულდა. პირველი ნახევარი 1 : 0 დასრულდა.
მეორე ნახევარი უფრო აქტიურად სტუმრებმა დაიწყეს - ანგარიშის რეალური გათანაბრების შანსი შეცვლაზე შემოსულმა კვარაცხელიამ ვერ გამოიყენა. სტუმრებისგან განსხვავებით გაცილებით შედეგიანი დინამოელთა ცვლილებები გამოდგა - 73-ე წუთზე შემოსულითევდორაძე ხუთ წუთში სტუმართა საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს.
თერთმეტმეტრიანი თავად თევდორაძემ შეასრულა და მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა 2 : 0. ამრიგად, ზედიზედ სამი წარუმატებელი მატჩის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ აუტსაიდერი „ზუგდიდი“ იოლად დაამარცხა. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 25 ოქტომბერს ლანჩხუთის „გურიასთან“ გამართავენ.
“დინამო” (ბათუმი) – “ზუგდიდი” 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ტატანაშვილი (45), 2:0 თევდორაძე (78).
19 ოქტომბერი 15:00. ქობულეთი. “ჩელე არენა”. 300 მაყურებელი
“დინამო”: მამინაშვილი, ქორიძე, ტეტუნაშვილი (აბულელიძე, 84), მგელაძე, სუხიაშვილი, ვარშანიძე, შონია, ჭკუასელი, ჩირიკაშვილი (დიასამიძე, 61), ტატანაშვილი, მუჯირი (ვალერი თევდორაძე, 73).
მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
“ზუგდიდი”: დევაძე, რიგვავა, მირცხულავა, ლაშა ღონღაძე, ჯავაშვილი, ტყემალაძე, გვაზავა (კვარაცხელია, 46), დავით ქირია (კობერიძე, 75), წურწუმია, გულორდავა, შენგელია (ეხვაია, 46).
მთავარი მწვრთნელი: ნესტორ მუმლაძე
გაფრთხილება: ჯავაშვილი (64), კობერიძე (82).
არბიტრი: ალექსანდრე კრიჭაშვილი (თბილისი)
