
7 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართება. ჩელე არენაზე, ბათუმის „დინამო“ სამტრედიას უმასპინძლებს.
საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატის და თასის ფორმატი
✔ მომავალი ჩემპიონატი 7 აგვისტოს დაიწყება და 15 დეკემბერს დასრულდება. 14 გუნდი ორ, 7-7-გუნდიან ჯგუფად დაიყო.
✔ ჩემპიონი და ევროპალიგის საგზურის ერთი მფლობელი ჯგუფების გამარჯვებულთა 2-მატჩიან ფინალურ დაპირისპირებაში გაირკვევა, ხოლო ევროპალიგის დანარჩენი ორი საგზურის პატრონი - ჯგუფებში მე-2 და მე-3 ადგილებზე გასულ გუნდებს შორის პლეი-ოფითა და ეროვნული თასის გათამაშებით.
✔ უმაღლესი ლიგიდან 4 გუნდი გავარდება. ჯგუფებში ბოლო, მე-7 ადგილზე გასული 2 გუნდი პირდაპირ დაქვეითდება, ხოლო მე-5 საფეხურზე გასულები მეორე ჯგუფის მეექვსეადგილოსნებს პლეი-ოფებში შეხვდებიან და მათ შორის 2 უიღბლოც ასევე ორი მატჩით გამოვლინდება.
✔ რადგან 2017-18 წლების ევროგათამაშების საგზურის მფლობელები გარდამავალ ჩემპიონატში უნდა გაირკვეს, წელსვე გაიმართება საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება, ოღონდ თითოეული ეტაპის გამარჯვებული 2-მატჩიან დაპირისპირებაში აღარ გაირკვევა - იქნება მხოლოდ ერთი თამაში.
თასი
✔ თასის საკვალიფიკაციო ეტაპს პირველი ლიგის 8 გუნდი დაიწყებს. ამ რვიდან 4 გამარჯვებულს მე-2 ეტაპზე პირველი ლიგის დარჩენილი 10 და უმაღლესის ასევე 10 მონაწილე დაემატება, სულ 24 - ევროთასების მონაწილეთა გარდა. 1/8-ფინალიდან, წყვილებში გამარჯვებულ 12 გუნდს ევროთასების მონაწილე 4 გუნდიც დაემატება, ფინალი კი დეკემბერში გაიმართება. მაგრამ თუ თასის მფლობელი ჩემპიონიც გახდება, ფინალისტი ევროპალიგაზე ვერ გავა.
