მეჩვიდმეტე ტურის ცენტრალური მატჩი ქობულეთში „ჩელე“ არენაზე გაიმართა - „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2 – 2 დასრულდა.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ტურის ცენტრალურმა მატჩმა მოლოდინი გაამართლა. თამაშზე მოსულმა გულშემატკივარმა, საინტერესო, დაძაბული და უკომპრომისო ბრძლა იხილა. მატჩი აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და მეშვიდე წუთზე დაწინაურდნენ. დინამოელთა მცველმა მიჰაილოვიჩმა კომაზეცს საკუთარი ნახევრიდან მეტოქის საჯარიმოსთან უპასა, გორელთა კაპიტანი კი ბურთს ხელით დაუხვდა. სამართლიანად დანიშნული თერთმეტმეტრიანი დინამოელთა ახალწვეულმა სერბმა თავდამსხმელმა კომაზეცმა უნაკლოდ შეასრულა 1 – 0.
ზუსტად ათ წუთში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს - საჯარიმოში, მარცხენა ფლანგიდან შეჭრილმა ჩელებაძემ გორელთა ბომბარდირს, მარცვალაძეს უპასა, ამ უკანასკნელმა ერთი მოძრაობით დინამოელთა მცველი მოიშორა და ალავიძეს ახლოდან აუღებლად დაურტყა 1 – 1. მანამდე კი ხელსაყრელი პოზიციიდან ქავთარაძემ კარს ააცილა. შესვენებაზე გამარჯვებულები მაინც ბათუმელები გავიდნენ. მეტოქის საჯარიმოსთან უხეშობისთის გორელები შონიაზე დაჯარიმდნენ. საჯარიმო დარტყმა კომაზეცმა ითავა. სერბის მეირ დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ ერთ-ერთ გორელს მოხვდა და მიმართულება იცვალა... ასხლეტილ ბურთთან პირველი შონია აღმოჩნდა - დინამოელთა კაპიტანმა ლამაზ ნახტომში, გვერდული მაკრატელით სტუმრები დაამწუხრა 2 – 1.
მეორე ტაიმის დასაწყისში გორელებმა ცვლილებები განახორციელეს და შეტევის ხაზი კიდევ უფრო გააძლიერეს. შეხვედრის 62-ე წუთზე, კვლავ ჩელებაძე-მარცვალაძის დუეტი „ამუშავდა“. გორელთა თავდამსხმელი დინამოელთა საჯარიმოში დაცვის ხაზს ადვილად გაუმკლავდა - 2 : 2. ამის შემდეგ ბათუმელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე დინამოელებს გამარჯვება შეეძლოთ. შონიამ სუხიაშვილს უპასა, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოში კომაზეცი მოძებნა, დინამოელთა თავამდხსმელი სტუმართა მეკარესთან მარტო აღმოჩნდა და გოლის გატანაც არ გაუჭირდებოდა, რომ არა გორელთა აშკარა უხეშობა. სამწუხაროდ, კვირიკაშვილის ბრიგადამ დინამოელთა თავდამსხმელზე უხეშობა არ შეიმჩნია. მატჩი ფრედ 2 – 2 დასრულდა.
"დინამო" ბთ. 2 – 2 „დილა“ გორი
გოლები: 1-0 კომაზეცი (პენ.) (7), 1-1 მარცვალაძე (18), 2-1 შონია (38), 2-2 მარცვალაძე (62)
დინამო ბთ: ალავიძე, სუხიაშვილი, მიჰაილოვიჩი, ტვილდიანი, შონია, ქავთარაძე, გოგიტიძე, დიასამიძე (74’ გაბედავა), ფონიავა (82’ თევდორაძე), ვარშანიძე, კომაზეცი
მთ. მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
დილა: მუჯირიშვილი, კვირკველია, კვახაძე, ხურცილავა, სამხარაძე, ძარია (58’ წიქარიძე), საბაძე (46’ მოდებაძე), ფალავანდიშვილი, კვირკვია (72’ ერისთავი), მარცვალაძე, ჩელებაძე
მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, მ. კუპატაძე, კ. სადილიანი, გ. კიკაჩეიშვილი (1 დამ.ასისტენტი), დ. სანოძე (2 დამ.ასისტენტი), ი. ხერხაძე (სათადარიგო)
გაფრთხილება: 6’ კვახაძე, 39’ მარცვალაძე (ორივე დილა), 41’ შონია (დინამო ბთ), 53’ ჩელებაძე (დილა), 57’ მიჰაილოვიჩი, 60 კომაზეცი (ორივე დინამო ბთ), 87’ ფალავანდიშვილი (დილა)