საქართველოს XXVI - ე ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის პირველი წრე „დინამომ“ 26 ქულით მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა. ბათუმელებმა 15 შეხვედრაში 7 გამარჯვება მოიპოვეს, 5 მატჩი ფრედ დაასრულეს, ხოლო 3 მატჩში დამარცხდნენ. ბურთების შეფარდება 27 -15-ზე.
1350 წუთი
პირველი წრის თხუთმეტივე შეხვედრაში და მოედანზე 90 წუთი მხოლოდ ანზორ სუხიაშვილმა გაატარა - სულ 1350 წუთი. ასევე აღსანიშნავია, რომ დინამოელთა განაპირა მცველი მხოლოდ ერთხელ, ბოლო ტურში, სტუმრად მერანთან გამართულ შეხვედრაში გააფრთხილეს. სუხიაშვილის მსგავსად ყველა მატჩში მონაწილეობა გელა გოგიტიძემაც მიიღო, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მან ბოლო ტურში მხოლოდ 85 წუთი ითამაშა.
ბომბარდირი
12 შეხვედრაში 10 გატანილი გოლით (ორი გაცუდებული თერთმეტმეტრიანი) დინამოელთა პირველი წრის საუკეთესო მეგოლე გიორგი ბერიაშვილი გახდა. ბათუმელთა ბომბარდირს პირველ წრეში, ტრავმის გამო სამი მატჩის გამოტოვება მოუხდა.
ტრავმები და ახალი რეგულაცია
ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, დინამოელთა სამატჩო განაცხადი სულ იცვლებოდა. ხშირ ტრავმიანობას, ახალი, „ოცდაერთწლამდელთა“ რეგულაციაც თან დაერთო. პირველი წრის 15 შეხვედრაში, „დინამო“- ს განაცხადში 26 ფეხბურთელი მოხვდა. ტრავმების გამო 9-9 ტური გაბედავამ და ჭკუასელმა, ხოლო 6-6 შეხვედრა შონიამ და მგელაძემ გამოტოვეს. ასევე ტრავმები აწუხებდათ ქავთარაძეს, ალავიძეს, ჩირიკაშვილს და გუნდის კაპიტანს ბორის მახარაძეს.
ლეგიონერი და გაფრთხილებები
პორტუგალიელმა, ლუის ალბერტო მედინამ პირველ წრეში 11 მატჩში 3 გოლი გაიტანა. პოზიციიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი, ოთხი გაფრთხილება დინამოელთა ცენტრალური ნახევარმცველის, ბექა ვარშანიძის „აქტივშია“. პირველ წრეში ბათუმელთაგან არავინ „გაწითლებულა“.
მთავარი მწვრთნელი
შოთა ჭეიშვილს ბათუმურ კლუბში 242 მატჩი დაუგროვდა. ჭეიშვილის ხელმძღვანელობით დინამოელებმა 118 გამარჯვება, 53 ფრე და 71 მარცხი იწვნიეს.
ვინ გაიტანს მე - 1000 გოლს ?
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, „დინამო“ ბათუმს 980 გატანილი გოლი დაუგროვდა. მიმდინარე, XXVI - ე ჩემპიონატში დარჩენილ 15 ტურში კი 20 გოლის გატანა სავსებით რეალურია.
