
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი და ბილეთების წამყვანი პლატფორმა Biletebi.ge პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების საფუძველზე, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, კლუბის საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთები Biletebi.ge-ს პლატფორმაზე გაიყიდება.
პარტნიორობის მიზანი გულშემატკივრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და ბილეთების შეძენის პროცესის გამარტივებაა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივარს დინამოს მატჩებზე განსხვავებული და კომფორტული გამოცდილება შევთავაზოთ. ეს ყველაფერი კი სწორედ ბილეთის შეძენიდან იწყება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ისეთ სანდო და გამოცდილ კომპანიასთან თანამშრომლობა, როგორიც Biletebi.ge-ა.
ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ პლატფორმაზე დინამოს საკუთარი, ბრენდირებული გვერდი ექნება, სადაც მომხმარებელს თვის ჭრილში შეეძლება მისთვის სასურველი თამაშის მარტივად შერჩევა და ბილეთის შეძენა. ვფიქრობ, რომ ეს დამატებითი კომფორტია, რომელსაც ჩვენი განსაკუთრებული გულშემატკივარი ნამდვილად იმსახურებს.“ - განაცხადა დინამო ბათუმის გენერალურმა მენეჯერმა, ნიკა ჯღარკავამ
სანდრო საყვარელიძე, biletebi-ის დირექტორი: დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩვენ, biletebi.ge-მ და ბათუმის დინამოს ახალმა მენეჯმენტმა გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. შესაბამისად, ბათუმი დინამოს გულშემატკივრებს შეუძლიათ biletebi.ge-ზე შეიძინონ თავიანთი საყვარელი კლუბის ბილეთები. ბათუმის დინამოს ახალ მენეჯმენტს და მთელ გუნდს ვუსურვებ ძალიან ბევრ წარმატებას, როგორც ამ არენაზე ისე სხვა საერთაშორისო არენებზე.
2026 წლის სეზონში დინამო ბათუმის საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთების ღირებულება - 5, 7, 10 და 15 ლარი იქნება.
დინამო ბათუმი ახალი სეზონის პირველ საშინაო შეხვედრას 7 მარტს, 20:00 საათზე გაგრას წინააღმდეგ გამართავს, აღნიშნულ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვლიდან დაიწყება.
