სიახლეები

ოფიციალურად | ალიკა გეთიაშვილი 2028

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ 17 წლის ქართველი ცენტრალური მცველი, ალიკა გეთიაშვილი, კარიერას ჩვენს კლუბში გააგრძელებს. ახალგაზრდა, პერსპექტიულ მოთამაშესთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.

ალიკა დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, სადაც მან თითქმის ყველა ასაკობრივი საფეხური წარმატებით გაიარა. ფიზიკურად ძლიერი ცენტრალური მცველი მარცხენა ფეხით თამაშით გამოირჩევა, რაც ჩვენი გუნდის ტაქტიკური მონახაზისთვის დამატებით და მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს. ამასთანავე, გეთიაშვილი საქართველოს 16 და 17-წლამდელთა ეროვნული ნაკრებების წევრია და დღეის მდგომარეობით, ამ ასაკობრივი გუნდების შემადგენლობაში მას ჯამში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ფეხბურთელი გუნდს უკვე რამდენიმე კვირაა შემოუერთდა და სრულფასოვნად ვარჯიშობს. 22 ივნისს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, კლუბმა ალიკა გეთიაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაარეგისტრირა. შესაბამისად, ახალგაზრდა მცველი დინამო თბილისის წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადში იქნება.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search