სიახლეები

დინამო ბათუმი 3 - 1 დილა გორი

13962755 1741998526012940 1444335194285789883 n

საქართველოს უმაღლესი ლიგის მესამე ტურის მატჩში ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და გორის  „დილა“ დაუპირისპირდა. მატჩი ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ გაიმართა.

დინამო ბთ: ტიმოფეევი, სუხიაშვილი, კვირკველია, გოგიტიძე, გეგეჭკორი, თარხნიშვილი, მარიანოვიჩი(46’ კვანტალიანი), შონია, ქავთარაძე, ფონიავა(75’ ვარშანიძე), ლობჯანიძე(46’ თევდორაძე).

მთ. მწვრთნელი: ლევანხომერიკი

დილა: ბეგაშვილი, სალუქვაძე, კვახაძე, ღონღაძე, სამხარაძე, რაზმაძე, ერისთავი(57’ მიზრაჩი), წიქარიძე(46’ ლომიძე), გამცემლიძე(81’ ჩახვაშვილი), ნონიკაშვილი, მოდებაძე

მთ. მწვრთნელი: უჩასოსიაშვილი

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ბ.ჭიჭინაძე, ა.კოკაია, დ.სანოძე

მატჩი თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო და ასევე გაგრძელდა. უკვე მეორე წუთზე, ბათუმის  „დინამოს“ შეტევაში ქავთარაძემ გამოიჩინა თავი, გადააწოდა ბურთი ფონიავას, რომელმაც ძალიან გამოზომილი და დროული პასი გაუკეთა გუნდის კაპიტანს, შონიამ კი ბურთი მარტივად შეაგდო მეტოქის კარში და ანგარიშიც გაიხსნა.

მთელი პირველი ტაიმი გუნდებმა შეტევების გაცვლაში გაატარეს. მომენტი ჰქონდა როგორც დილას, ისე დინამოს, თუმცა მასპინძლების უპირატესობა მაინც საგრძნობი იყო. ტაიმის მიწურულს კი ბათუმელთა კიპერი გამოსვლაზე შეცდა, რასაც ერისთავის მიერ ცარიელ კარში შეგორებული ბურთი მოჰყვა. გორელებმა მასპინძლებს გოლი გასახდელში გაატანეს და ტაბლოზე ფრე დააფიქსირეს.

მეორე ტაიმი უფრო მშვიდ ტემპში დაიწყო, თუმცა გოლი მალევე გავიდა. კვლავ, გიორგი ქავთარაძის კარგი თამაშის შედეგად ბურთი ბათუმელთა კაპიტანს, თეიმურაზ შონიას მიუვიდა, რომელმაც ეს შანსიც გამოიყენა და ზღვისპირელები 50-ე წუთზე წინ გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი შონიასთვის ამ სეზონში მეოთხეა.

გორელების მცდელობის და მიუხედავად მომდევნო გოლი კვლავ „დინამომ“ გაიტანა. 77-ე წუთზე მეტოქის შეცდომით ისარგებლა ბათუმელთა მარჯვენა მცველმა, გეგეჭკორმა და დიდი სისწრაფით გაიარა მოედნის ნახევარი, სადაც მას კარგად გაეხსნა ნიკა კვანტალიანი. ბათუმელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბურთი კარგად მიიღო,ლამაზი მოძრაობით მეკარისგან მარცხენა კუთხეში ძელთან ახლოს გაუშვა და მატჩის საბოლოო ანგარიში: 3-1 დააფიქსირა

ამ გამარჯვებით ბათუმის „დინამო“ ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა და ამ დროისთვის მათ 7 ქულა აქვთ. 6 ქულით კი მათ მოსდევს ფოთის „კოლხეთი“, რომელიც ბათუმელებმა წინა ტურში 5-0 დაამარცხეს.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search