2018 წლის 1 მაისს ბათუმის დინამომ ანგისას ბაზაზე პირველი საშინაო შეხვედრა გამართა, დიდ ხნიანი მომთაბარეობის შემდეგ ჩვენი გუნდი საკუთარ სახლში დაბრუნდა და ეს დაბრუნება ეროვნული ლიგა 2-ის მე-9 ტურში შედგა. გადაჭედილმა ტრიბუნებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა სკეპტიკოსები რომ ჩვენს ქალაქს ფეხბურთი მოენატრა და უფრო დიდი არენაც უპრობლემოდ შეივსება. მატჩის დაწყებამდე სპორტული ბაზის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა, შესრულდა საქართველოს ჰიმნი და ჯგუფ 'ნიკოლშოუს" მიერ შექმნილი ახალი სიმღერა ბათუმის დინამოზე. შეკრებილ გულშემატკივარს სიტყვით აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიმართა. უშუალოდ მატჩი დინამოელებისთვის სატურნირო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო, გია გეგუჩაძის გუნდს პირველ საშინაო მატჩში მარტვილის მერანის დამარცხება უნდა ეცადა. შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა, დამატებით სტიმულს დინამოელებს ტრიბუნებიდან წამოსული მუხტი სძენდა და გადამწყვეტი როლიც ამ ფაქტორმა ითამაშა. ერთადერთი გოლი 70 წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ტატო აბუსელიძემ გაიტანა, საგოლე პასი კი მასპინძელთა მარჯვენა მცველმა მირზა ფარტენაძემ მიითვალა. ამ გამარჯვებით "დინამომ" 15 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე დამკვიდრდა.